სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - კიმ ჩენ ინს ფხენიანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები სურს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - კიმ ჩენ ინს ფხენიანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები სურს

კიმ ჩენ ინს ფხენიანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები და  დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურს – ამის შესახებ ფხენიანიდან დაბრუნებულმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა.

ჩრდილო კორეის დედაქალაქში კორეათაშორისი სამიტი ჩატარდა. მუნ ჩჟე ინმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დონალდ ტრამპს შეხვდება და კერძო გზავნილს გადასცემს.

„არის რაღაცები, რაც აშშ-ს სურს, რომ ჩრდილო კორეას გადავცეთ და არის რაღაცები, რაც ჩრდილო კორეას სურს, რომ ჩვენ აშშ-ს გადავცეთ“,- აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა. მუნ ჩჟე ინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს მისი და ჩრდილო კორეის ლიდერის სურვილს გადასცემს, რაც წლის ბოლომდე კორეის ომის დასრულების დეკლარაციის მიღებას ითვალისწინებს.

ორი კორეა 1953 წლის შემდეგ ტექნიკურად საომარ მდგომარეობაშია, რადგან მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს და სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.