სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი - ჯარისკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სიგარეტის მოწევისთვის განკუთვნილ ადგილას დაიწყო
სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი - ჯარისკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სიგარეტის მოწევისთვის განკუთვნილ ადგილას დაიწყო

სამხედროებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სიგარეტის მოწევისთვის განკუთვნილ ადგილას დაიწყო, – ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში ინციდენტი 1-ელ აგვისტოს საღამოს საათებში მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის აკადემიის ტერიტორიაზე, სიგარეტის მოწევისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე ხუთივე სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამს დაუდგინდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ხოლო ორი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა. ხუთივე მათგანი ინციდენტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ხუთივე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს ირაკლი ბაზერაშვილი.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

„საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; დადგინდა და მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ფიზიკური დაპირისპირების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი მოწმეები – საექსპერტო კვლევისათვის ამოღებულია ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი; გამოკითხული იქნა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი“, – აღნიშნა ირაკლი ბაზერაშვილმა.

მისივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს ხუთი ჯარისკაცი დაშავდა. ერთ-ერთ მათგანს სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მეორე დაშავებული „ამტელ ჰოსპიტალში“ მიიყვანეს. კიდევ ერთი სამხედრო პირი კი, რომელსაც მცირე დაზიანებები ჰქონდა, პროფილაქტიკური კვლევებისთვის „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულ სამხედროს, მათ შემოწმება ჩაუტარდათ და კლინიკიდან გაწერეს.