სამხარაულის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს
სამხარაულის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს. პროცესს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაესწრო.

რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპერტიზის ბიუროში პერსონალური კომპიუტერის სკანირებას სავარაუდოდ რამდენიმე დღე დასჭირდება. ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტები აღადგენენ წაშლილ ფაილებსაც.

„ვნახოთ, რა იქნება შიგნით. შემიძლია, გითხრათ, ბევრი საინტერესო რამ შეიძლება, იყოს მოძიებული. დეტალურად გვეცოდინება, როდის იყო ჩართული ბოლოს კომპიუტერი. ყველაფერი გადამოწმდება“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

მიხელ რამიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კომპიუტერი სამართალდამცველებმა 19 ივლისს წაიღეს და ექსპერტიზის ბიუროში კი, ის 22 ივლისს შეიტანეს. მას ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, კომპიუტერის გახსნა აქამდეც მოხერხდა.

„ვუთხარი, არ მოეხდინათ ამ კომპიუტერის გახსნა ჩემი თანდასწრების გარეშე. მითხრეს, რომ ასე მოხდებოდა. ბოლომდე მაშინ დავრწმუნდები იმაში, რომ არ მოხდა წინასწარ შესვლა, როცა ყველაფრის კლონირება დასრულდება. მე მაინც ვეცდები, გადავამოწმო. ექსპერტების მხრიდან ჯერჯერობით ყველა კითხვაზე არის პასუხი. არაფერი ეტყობათ არაპროფესიონალიზმის. იდეალურად იყო განხორციელებული ეს პროცედურები“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“ გვერდი აღარ იძებნება სოციალურ ქსელში.

„იყო საუბარი, რომ დღეს ექაუნთი გაქრა და მოვითხოვე, ასე უცებ რა მოხდა. მითხრეს, რომ აღდგენის შემდეგ მოხდება „ფეისბუქთან“ დაკავშირება. იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს, ვის მიერ მოხდა გაუქმება. ეს გამოძიების ინტერესებშიც არის“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.