სამი ქართველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში - ხარაიშვილი კლუბის ბომბარდირი გახდა
სამმა ქართველმა ლეგიონერმა სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატებში თავის გამოჩენა მოახერხა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
გიორგი ხარაიშვილის „გიოტებურგმა“ გასვლაზე „ორებროს“ 3:1 მოუგო, 57-ე წუთზე მეტოქის კარი პირლოს სტილში ეფექტურად შესრულებული პენალტით 22 წლის ქართველმა აიღო, რომელიც ფლანგის თავდამსხმელის ამპლუაში თამაშობდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, 27 მატჩში მეცხრე გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის „ალსვენსკანის“ 30–ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს, რაც სეზონში მისი მეხუთე აღიარებაა. „გიოტებურგმა“ სეზონი 31 ქულითა და და მე–11 ადგილით დააასრულა.
ჯიმი ტაბიძე კი რუსეთის პრემიერლიგის სიმბოლურში პირველად მოხვდა – 22 წლის მცველის გუნდმა, „უფამ“ მე-14 ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ 2:0 მოუგო და ორივე საგოლე გადაცემა ქართველის ანგარიშზეა. ტაბიძეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში რუსულმა სპორტულმა გამოცემა „სპორტ ექსპრესმა“ დაასახელა. ქართველი მეორე სიმბოლურშიც მოხვდა, სადაც მოთამაშეები სტატისტიკის კომპანია „ინსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობითაც შეარჩიეს.
უკრაინის პრემიერლიგაშიც სიმბოლურ ნაკრებს კომპანია „ინსტატის“ მაჩვენებლების მიხედვით ასახელებენ.
დავით ხოჭოლავას დონეცკის „შახტარმა“ პოლტავაში „ვორსკლა“ 2:0 დაამარცხა. 25 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცა. აღსანიშნავია, რომ 25 წლის დავით ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი მეოთხედ მოხვდა.