სამი ქართველი პლუს იმრანი - „როტორი“ თბილისელთა ექს-ნახევარმცველთან კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ვოლგოგრადის „როტორმა“, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, თურქეთში მესამე შეკრება დაიწყო, საკონტროლო მატჩი უზბეკურ „ანდიჟანთან“ გამართა და 2:2 დაასრულა.
ბელეკში გამართულ საკონტროლო მატჩში „როტორის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ილია ბერიაშვილი (73-ე წუთზე შეცვალეს), გიორგი მახათაძე (58) და ნიკა ყიფიანი (54). ეს მატჩი გამოტოვა ულად-ომარ იმრანმა, რომელიც გუნდს თბილისის „ლოკომოტივიდან“ შეუერთდა.
თუმცა, ნიდერლანდური პასპორტის მქონე მაროკოელი ფეხბურთელის ვოლგოგრადის „როტორში“ ჩარიცხვა გადაწყვეტილი საკითხია.
რუსული მედიის ცნობით, სამწვრთნელო შტაბი ულად-ომარ იმრანთან შეთანხმებას მალე გააოფიციალურებს – 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.
ულად-ომარ იმრანს აქვს მაროკოსა და ნიდერლანდების მოქალაქეობა. 24 წლის ნახევარმცველი ამსტერდამში დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები მაროკოდან არიან. ულად-ომარ იმრანი თამაშობდა ნიდერლანდების ახალგაზრდულ გუნდებში. პროფესიულ დონეზე გამოდიოდა სლოვაკეთის „ტრენჩინში“, ნიდერლანდურ „დენ ბოშში“, რუმინულ „აკადემია კლინჩენში“.
თბილისის „ლოკომოტივში“ 2020 წლის თებერვალში გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებდა. ზოგიერთი რუსული გამოცემის ცნობით, მისი ტრანსფერი ვოლგოგრადელებს 400 ათასი ევრო დაუჯდათ.