ილია ბერიაშვილი - „როტორში“ მე და ქავთარაძეს ყიფიანი დაგვხვდა და ყველანაირად დაგვეხმარა #1TVSPORT
ილია ბერიაშვილი - „როტორში“ მე და ქავთარაძეს ყიფიანი დაგვხვდა და ყველანაირად დაგვეხმარა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „თელავის“ აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის „როტორის“ ფეხბურთელი გახდა. 23 წლის ცენტრალური მცველის თქმით, ახალ გუნდში გადასვლა გაუადვილდა და ამის მიზეზებზეც ილაპარაკა.

„გუნდში კარგად მიმიღეს. მომწონს დამოკიდებულება და ატმოსფერო, მეგობრული გუნდი და შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბია. ყველაფერი კარგად მიდის და ადაპტაციაც არ გამჭირვებია. „როტორში“ მე და ბექა ქავთარაძეს ნიკა ყიფიანი დაგვხვდა და ყველაფერში, ყველანაირად დაგვეხმარა. ჩვენს გვერდით იყო და რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიადვილდა შეჩვევა აქაურობასთან, მადლობა ნიკას ამ ყველაფრისთვის“, – ამბობს ილია ბერიაშვილი „თელავის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში.

მან მშობლიური ქალაქის გუნდიდან წასვლაზეც საუბრა:

„თელავში დავიბადე და გავიზარდე, ყველაფერი თელავში გავიარე და ჩემი სამშობლო თელავიდან იწყება. სადაც არ უნდა წავიდე და რაც არ უნდა გავაკეთო, „თელავში“ გატარებული წლები ჩემთვის მუდამ საამაყო იქნება. 17 წლის ვიყავი, გუნდში რომ ამიყვანეს, ახალდაარსებული გუნდიც რეგიონლიგაში იყო და მაშინ ვიწყებდით ფეხბურთის თამაშს. ყოველ წელს ლიგიდან ლიგაში გადავდიოდით და ვფიქრობ, ეს იყო სწორედ ჩვენი და მთლიანობაში გუნდის ზრდის მთავარი ფაქტორი. შესაძლოა, მომავალში ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთოს, მაგრამ მივიჩნევ, რომ ჩემი განვითარებისთვის ამ ეტაპზე საჭირო იყო, „თელავი“ დამეტოვებინა“.

ბერიაშვილმა „თელავთან“ დაკავშირებული ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი გაიხსენა:

„რა თქმა უნდა, ეს „თელავის“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება გახლავთ – ასეთი სიხარული ჩემს ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში, წლების მანძილზე არ ჰქონია და ბედნიერი ვარ, რომ ათწლიანი უფეხბურთობის შემდეგ, სულ რაღაც ოთხი წლის შექმნილმა გუნდმა შევძელით, ხალხსაც უდიდესი სიხარული და ზეიმი მივანიჭეთ“.