კვირკველია ორ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა - ქართველი რჩეულებს შორის სეზონში პირველად დაასახელეს #1TVSPORT
კვირკველია ორ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა - ქართველი რჩეულებს შორის სეზონში პირველად დაასახელეს #1TVSPORT

საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთდროულად ორი ვერსიით მოხვდა – პირველი ვერსია ცნობილმა ვებგვერდმა, „ფუტბოლ კულიჩკიმ“ შეადგინა. 

ვოლგოგრადის „როტორმა“, სადაც საბა კვირკველია და კიდევ სამი ქართველი ფეხბურთელია, საშინაო შეხვედრაში გროზნოს „ახმატი“ 1:0 დაამარცხა. კვირკველია, რომელიც 2-3 წლის წინ რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო, მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად დაასახელეს.

„წინა ტურში კვირკველიამ თავის კარიერაში მეექვსე ავტოგოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით რუსეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა, მაგრამ, ამჯერად ის უაღრესად კონცენტრირებული და საიმედო იყო. მან მოიგო ყველა საჰაერო ორთაბრძოლა. არანაკლებ საიმედოდ თამაშობდა დაბალი ბურთებისთვის ბრძოლაში. დროულად განმუხტავდა ვითარებას და საჯარიმოდან ბურთის დროულად ამოტანას ახერხებდა. არავის აძლევდა უფლებას, რომელიმე გაცდენოდა. გამოცდილი მცველი დაეხმარა ვოლგოგრადულ კლუბს, კარი „მშრალად“ შეენახა და გამარჯვების მოეპოვებინა. ამით „როტორმა“ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისა და გადარჩენის შანსები მოიპოვა. ფაქტია, „ახმატთან“ მატჩში კვირკველიას აქტივშია ხუთი მოგებული ინდივიდუალური ორთაბრძოლა, ორი ართმევა და ორი ჩაჭრაა“, – წერს „ფუტბოლ კულიჩკი“.

მეორე ვერსიით, საქართველოს ნაკრების მცველი რჩეულ 11 მოთამაშეს შორის WhoScored-მა დაასახელა. ავტორიტეტულმა საერთაშორისო პორტალმა ქართველის თამაში 7,4 ქულით შეაფასა და რუსეთის პრემიერ ლიგის 28-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა სიმბოლური გუნდში ადგილი მიუჩინა.

აღსანიშნავია, რომ „როტორმა“„ახმატთან“ მოგებით (1:0) ზედიზედ ექვსმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. რუსეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ვოლგოგრადის კლუბი 21 ქულით პლეი ოფის ზონაშია.