სამი ოქროს მედალი და რეკორდი - ირაკლი ჩხეიძე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
ალბანეთში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ ბრწყინვალედ იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 161/165 კგ-ის ძლევით ოქროს მედალი მოიპოვა, ჩხეიძემ აკვრაში თავი 194/205/216 კგ-ს გაართვა და კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 381 კგ-ითაც.
ჩხეიძემ ოქროს მედლებთან ერთად ევროპის რეკორდის დამყარებაც შეძლო. ძალოსანმა 23-წლამდელების სარეკორდო ზღვარი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.
დღეს, იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გოგონათა შორის მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ასევე იასპარეზა ნათია გადელიამ (87 კგ.).
გადელიამ ატაცში 88/92/94 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ძალოსანმა აკვრაში 111/115 ძლევით ასევე ვერცხლი მოიპოვა, იგივე სინჯის მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 209 კილოგრამითაც.