სამი ნახევარმცველი ზაფხულში - კლოპმა ტრანსფერები მოითხოვა #1TVSPORT
სამი ნახევარმცველი ზაფხულში - კლოპმა ტრანსფერები მოითხოვა #1TVSPORT

„ლივერპულის“ კრიზისი გრძელდება. მერსისაიდული კლუბი მადრიდის „რეალთან“ „ენფილდზე“ განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ (2:5), ინგლისის პრემიერლიგაში სტუმრად „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდა და ფრე 0:0 ითამაშა. იურგენ კლოპის ფეხბურთელებმა თამაშში არაერთი უპატიებელი შეცდომა დაუშვეს და შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი ქულაც მძიმე ბრძოლაში მოიპოვეს.

23 ტურის შემდეგ 36 ქულით „ლივერპული“ პრემიერლიგაში მე-7 ადგილზე იმყოფება და მთავარ ამოცანად ჩემპიონთა ლიგის ზონა რჩება, სადამდეც მერსისაიდელებს 9 ქულა აშორებთ.

გერმანელმა სპეციალისტმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ შემადგენლბოაში ცვლილებებია საჭირო და მას ახალი ფეხბურთელები სჭირდება.

გამოცემა „გოლი“ fichajes-ზე დაყრდნობით წერს, რომ კლოპმა ხელმძღვანელობას, მინიმუმ, 3 ფეხბურთელის დამატემა მოსთხოვა. პირველი სიაში, რა თქმა უნდა, „დორტმუნდის“ ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემია, რომლისთვისაც სხვა კლუბებთან ერთად მადრიდის „რეალიც“ იბრძვის; მეორე ფეხბურთელი „ფიორენტინას“ სოფიან ამრაბატია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების შემადგენლობაში შესანიშნავად იასპარეზა; მესამე კი „ბრაიტონის“  მოიზეს კაისედოა – ამ ეკვადორელი ფეხბურთელის დამატება პრემიერლიგის სხვა კლუბებსაც სურთ.

„ლივერპული“ შემდეგ შეხვედრას 1 მარტს სახლში „ვულვზის“ წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.