სამი ჩემპიონი პირველი არხიდან - საქართველოს ნაკრები საერთაშორისო მედიატურნირის გამარჯვებულია
საქართველოს მედია ნაკრები ოდესის საერთაშორისო საფეხბურთო მედიატურნირის (Odessa Media CUP-2019) გამარჯვებული გახდა.
უკრაინაში დასრულებულ ტურნირზე ექვსი გუნდი მონაწილეობდა. ჩვენი გუნდის გამოსვლაზე ინფორმაცია უეფას მედია ოფიცერმა, ნაკრების კაპიტანმა, მამუკა კვარაცხელიამ მოგვაწოდა.
„ყველა, ხუთივე მატჩი მოვიგეთ – გერმანია 3:1 დავამარცხეთ, მოლდოვა 1:0, აზერბაიჯანი 1:0, ლატვია 1:0 და ბოლოს მასპინძელ უკრაინასაც ვძლიეთ 3:1 და ჩემპიონები გავხდით! ყველაზე მხურვალედ თენგო პაჭკორია და უკრაინაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად გვქომაგობდნენ”, – ამბობს მამუკა კვარაცხელია.
მედიატურნირის გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებში საქართველოს პირველი არხის სამი თანამშრომელი თამაშობდა: გუნდის მეკარე იყო არხის სპორტული ჟურნალისტი გეგი კიკაბიძე, წინ კი, საინფორმაციო სამსახურის რეჟისორი კოტე მიგინეიშვილი და ხმის რეჟისორი მერაბ სიმონიშვილი გამოდიოდნენ.