„სამგურალს“ დისკვალიფიკაცია შეუმცირეს - წყალტუბოელები „შუქურას“ მაყურებლით უმასპინძლებენ #1TVSPORT
„სამგურალს“ დისკვალიფიკაცია შეუმცირეს - წყალტუბოელები „შუქურას“ მაყურებლით უმასპინძლებენ #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გათამაშების ერთერთი ლიდერი „დილა“ 2:1 დაამარცხა და შემდეგ შეხვედრას იმედიანად ელოდება.

წყალტუბოელების იმედს ისიც დაემატა, რომ გუნდს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დისკვალიფიკაცია შეუმცირა და სამი მატჩის ნაცვლად, უმაყურებლოდ მხოლოდ ერთი საშინაო შეხვედრის ჩატარება მოუხდა, – ინფორმაციას წყალტუბოელების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს. ქობულეთის „შუქურასთან“ კოვიდ-რეგულაციების დაცვით მაყურებლების დასწრება შესაძლებელია. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ნებისმიერი არასასურველი ქმედება გუნდის მკაცრ დასჯას გამოიწვევს“, – წერია „სამგურალის“ განცხადებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, „დინამო თბილისთან“ მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო წყალტუბოს „სამგურალს“ უახლოესი სამი საშინაო შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე უნდა გაემართა. ამასთან ერთად კლუბი 5000 ლარით დაჯარიმდა.

სადისციპლინო კომიტეტმა მიიჩნია, რომ თბილისის „დინამოსთან“ მატჩში გულშემატკივარსა და მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამას წყალტუბოს „სამგურალი“ კატეგორიულად უარყოფდა, სადისციპლონო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და შედეგიც მიიღო – „სამგურალმა“ ცარიელი ტრიბუნებით მხოლოდ 7 მაისს „თელავთან“ გამართულ მატჩს უმასპინძლა.

ეროვნული ლიგა მე-14 ტურის მატჩს „სამგურალი“ ქობულეთის „შუქურასთან“ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. ეს გუნდები სატურნირო ცხრილში „მეზობლები“ არიან – წყალტუბოელები 16 ქულით მე-6 ადგილზე არიან, ხოლო „შუქურა“ 14 ქულით – მე-7 პოზიციას იკავებს. ამ გუნდების დაპირისპირება 16 მაისს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.