„სამგურალს“ ჩაიბარებს ფრუიძე, რომელმაც მწვრთნელობა ამ კლუბში დაიწყო #1TVSPORT
„სამგურალს“ ჩაიბარებს ფრუიძე, რომელმაც მწვრთნელობა ამ კლუბში დაიწყო #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალიდან“ წასული მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილს ადგილზე გამოცდილი სოსო (სამსონ) ფრუიძის კანდიდატურა განიხილება და დიდი ალბათობით, მალე გუნდს ჩაიბარებს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აცნობეს.

უჩა სოსიაშვილი „სამგურალიდან“ ბათუმის „დინამოსთან“ მე-8 ტურის მატჩის წაგების (0:2) შემდეგ წავიდა. ახალგაზრდა სპეციალისტი ფეხბურთელებს და კლუბის წევრებს დაემშვიდობა და წარმატებები უსურვა.

ეროვნულ ლიგაში მე-9 ტურიდან „სამგურალი“ ასპარეზობას ახალი მწვრთნელით განაგრძობს, რომლისთვისაც წყალტუბოს გუნდი უცხო არაა. ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა მწვრთნელმა, 63 წლის სოსო ფრუიძემ სამწვრთნელო კარიერა სწორედ ამ გუნდში, 27 წლის წინ დაიწყო, სადაც მცირე ხნით იმუშავა, მეორედ კი გუნდი 1995-1996 წლებში ჩაიბარა. ახლა „სამგურალს“ მესამედ ჩაიბარებს.

ყველაზე დიდხანს ფრუიძემ საჩხერეს „ჩიხურაში“ (2008-2020) იმუშავა და პირველი ლიგის გუნდი ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერად გადააქცია. მისი ხელმძღვანელობით „ჩიხურამ“ არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა ტიტულები და სამი მთავარი ქართული ჯილდოდან ორის მფლობელი გახდა – საქართველოს თასის (2017) და საქართველოს სუპერთასის (2013).

2020 წლის დასაწყისში ფრუიძემ „ჩიხურა“ დატოვა და 2020 წლის 30 მარტს თბილისის „ლოკომოტივი“ ჩაიბარა, სადაც კარიერაში ყველაზე მცირე ხანს გაჩერდა – დანიშვნიდან 105 დღის შემდეგ, 6 ივლისს გაათავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარი იყო.

სოსო ფრუიძის სამწვრთნელო კარიერა

1994 წყალტუბოს სამგურალი

1994-1995 ზესტაფონის მარგვეთი

1995-1996 წყალტუბოს სამგურალი

1996-1998 ქუთაისის ტორპედო

1999-2000 სამტრედიას იბერია

2003-2004 ქუთაისის ტორპედო

2004-2005 ბორჯომი

2008-2020 საჩხერეს ჩიხურა

2020 ლოკომოტივი თბილისი