„სამგურალმა“ ვარჯიში განაახლა - გუნდი „კოლოსთან“ თამაშისთვის ემზადება #1TVSPORT
თურქულ შეკრებაზე მყოფმა წყალტუბოს „სამგურალმა“ ერთდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიში განაახლა. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი გუნდი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას უკრაინული პრემიერლიგის წარმომადგენელ კოვალივკას „კოლოსთან“ გამართავს. მატჩი 10 თებერვალს გაიმართება.
„კოლოსი“ უკრაინის პრემიერლიგაში თამაშობს და მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპის შემდეგ 20 ქულით მე-6 ადგილზეა.
„კოლოსის“ ისტორია საინტერესოა იმით, რომ 2012 წელს დაარსდა და სწრაფად პროგრესირებს – გუნდი მთავარ უკრაინულ ლიგაში 2019 წელს გადავიდა და პირველივე ცდაზე ევროთასებზე მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ „სამგურალი“ და „კოლოსი“ თურქულ შეკრებაზე ერთმანეთს გასულ წელსაც შეხვდნენ და ფრედ 0:0 ითამაშეს.
„სამგურალი“-„კოლოსის“ ამხანაგური მატჩი 10 თებერვალს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.