„სამგურალმა“ შეკრება წყალტუბოში დაიწყო და მომზადებას თურქეთში გააგრძელებს #1TVSPORT
„სამგურალმა“ შეკრება წყალტუბოში დაიწყო და მომზადებას თურქეთში გააგრძელებს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდში ახალწვეულებიც გამოჩნდნენ, რაზეც კლუბის ვებგვერდი წერს.

იტალიელი მწვრთნელის, როდოლფო ვანოლის ხელმძღვანელობით წყალტუბოელებმა „26 მაისის“ სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. გუნდს სამი ახალწვეული, ლაშა შერგელაშვილი, დავით მუჯირი და ლაშა კვარაცხელია შეუერთდა.

„სამგურალთან“ ერთად ვარჯიშობს ტაჯიკეთის ნაკრების შემტევი ალიჯონი აინიც, რომელმაც გასული წელი ტრავმის გამო გამოტოვა. თუმცა გუნდი ჯერჯერობით არასრული შემადგენლობით შეიკრიბა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს შემადგენლობის დაკომპლექტება და უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრი სიახლე იქნება. „სამგურალს“ ბრაზილიელი ლეგიონერები და სხვა წამყვანი ფეხბურთელები დაუბრუნდებიან.

რაც შეეხება შეკრებას, „სამგურალი“ წყალტუბოში იანვრის ბოლომდე მოემზადება და ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. 3 თებერვალს გუნდი ანტალიაში გაემგზავრება, სადაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საწვრთნელ შეკრებას გააგრძელებს.