„სამგურალმა“ მოგება ხელიდან გაუშვა - „გაგრას“ ბრძოლა დაუფასდა #1TVSPORT
„სამგურალმა“ მოგება ხელიდან გაუშვა - „გაგრას“ ბრძოლა დაუფასდა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ საკუთარ მოედანზე „გაგრას“ უმასპინძლა და იმის მიუხედავად, რომ დასაწყისში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, მხოლოდ ქულას დასჯერდა 2:2.

წყალტუბოს „სამგურალი“ საკუთარ მოედანს თითქმის 2-თვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. მაგრამ 26 მაისის სახელობის არენაზე გამართულ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში „გაგრამ“ მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლოს ბრძოლისუნარიანობა დაუფასდა.

სამგურალი“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და უახლოეს მდევარ გორის „დილას“ 4 ქულით უსწრებდა. გუნდი კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვის და მისთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

წყალტუბოელებმა თამაში ისე დაიწყეს, მიზანთან ახლოს იყვნენ, მე-6 წუთზე ჯეფინიომ ანგარიში გახსნა, ხოლო მე-13 წუთზე ილია ახვლედიანმა „სამგურალის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. „გაგრა“ თამაშში თემურ შონიამ დააბრუნა, რომელმაც მე-20 წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

68-ე წუთზე მასპინძლები ჯეფერსონ ჯერალდოს წაქცევისთვის პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა და „სამგურალის“ და მისი გულშემატკივრების უკმაყოფილება დაიმსახურა. 77-ე წუთზე კი მატჩის საკვანძო მომენტი დადგა – გიორგი გვიშიანმა მცველის უყურადღებობით ისარგებლა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

23 ტურის შემდეგ „სამგურალმა“ 39 ქულა დააგროვა და კონკურენტ „დილასთან“ (34) სხვაობა ოდნავ გაზარდა, ხოლო „გაგრამ“ (24) ბოლო შეხვედრის შემდეგ დაწინაურებულ „სიონთან“ (25) ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა.