მამია გავაშელიშვილი აწ უკვე დაშლილი „ლოკომოტივის“ პირველი ფეხბურთელია, რომელიც ახალ კლუბში გადავიდა – 25 წლის თავდამსხმელი კარიერას წყალტუბოს „სამგურალში“ გააგრძელებს, – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„წყალტუბოს „სამგურალი“ თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი ფორვარდით მამია გავაშელიშვილით გაძლიერდა. 26 წლის თავდამსხმელმა გუნდთან კონტრაქტი დღეს გააფორმა“, – წერია წყალტუბოელების განცხადებაში.
„სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ მამია გავაშელიშვილს კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა. მამია გავაშელიშვილმა „ლოკომოტივის“ მაისურით 90 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს „ლოკომოტივმა“ გაავრცელა განცხადება, რომ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუნდის ადმინისტრაცია ვერ ახერხებდა გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული გუნდის შენარჩუნებას.
შეგახსენებთ, რომ „სამგურალმა“ ტრანსფერები უკვე განახორციელა და ქუთაისის „ტორპედოდან“ მეკარე ლევან შოვნაძე დაიმატა, ხოლო ქობულეთის „შუქურადან“ – ნახევარმცველი ჯეფერსონ ჯერალდო.