„სამგურალმა“ იტალიაში აღზრდილი ქართველი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
„სამგურალმა“ იტალიაში აღზრდილი ქართველი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს „სამგურალთან“ კონტრაქტი 18 წლის თავდამსხმელმა, გიგი გოლეთიანმა გააფორმა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ტანმაღალი ფორვარდი (196 სმ.) 16 წლამდე იტალიაში ვარჯიშობდა. ბოლო ორი წელიწადი კი „სამგურალის“ ახალგაზრდული გუნდების ღირსებას იცავდა.

„პატარა ვიყავი, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად იტალიაში გადავედით. თამაში 10 წლის ასაკში, ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო სკოლაში, „პიცენტიაში“ დავიწყე, რომელიც ჩემთვის მეორე ოჯახი იყო, სკოლის ხელმძღვანელობა და მწვრთნელები ყველაფერში მეხმარებოდნენ, იქ ხუთი წელი ვვარჯიშობდი, 15 წლის ასაკში კი „რეალ გრეჩენზაროში“ გადავედი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ „სამგურალში“ მისვლა გადავწყვიტე, რადგან ანგარიშგასაწევი გუნდია. მნიშვნელოვანია, რომ აქ შესანიშნავი გარემოა, გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს გვერდში გვიდგანან, რაც თამაშსა და შესაძლებლობების გამოვლენას გვიადვილებს.

ჩვენი გუნდის მწვრთნელ როდოლფო ვანოლიზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. კარგად ორგანიზებული ვარჯიშები აქვს, ცდილობს, მაქსიმალურად გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. მადლობას ვუხდი მას და კლუბის ხელმძღვანელობას ამ შანსისთვის. ვეცდები, მათი იმედები გავამართლო.

ჩემი მიზანი და ოცნებაა, რომ ევროპის წამყვან ჩემპიონატში ვითამაშო. ყველაზე მეტად მინდა, საქართველოს ნაკრების წევრი გავხდე და წარმატებული კარიერა მქონდეს“, – ამბობს „სამგურალის“ ახალწვეული.