„სამგურალმა“ ახალგაზრდები დააწინაურა – გუნდი ხორვატმა მცველმა დატოვა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალი“ ახალი სეზონისთვის მზადებასა და დაკომპლექტებას აგრძელებს. კლუბმა ასაკობრივ გუნდებში აღზრდილი ორი ფეხბურთელი დაიმატა.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამგურალთან“ პროფესიული კონტრაქტი გიორგი ხეცურიანმა გააფორმა. 17 წლის საყრდენი ნახევარმცველი წყალტუბოს გუნდში გასულ სეზონში ჩაირიცხა. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ხეცურიანი ხშირად ვარჯიშობდა მთავარ გუნდთან ერთად და მონაწილეობდა დუბლებისა და 19-წლამდელთა მატჩებში. მას უკვე აქვს გამოცდილება საქართველოს 16- და 17-წლამდელთა ნაკრებებში თამაშის.
„სამგურალის“ კიდევ ერთი ახალწვეული გიგი გოლეთიანია. 18 წლის თავდამსხმელმა კლუბთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. გოლეთიანი ბოლო ორი წლის განმავლობაში „სამგურალის“ ასაკობრივ გუნდებსა და დუბლშემადგენლობაში თამაშობდა. ტანმაღალი ფორვარდი ხშირად ვარჯიშობდა მთავარ გუნდთან ერთად და ახალი სეზონისთვისაც შეკრებაზე გუნდთან ერთად იმყოფება.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდს ხორვატი ცენტრალური მცველი, ბარტულ მარკოვინა დაემშვიდობა. 24 წლის ფეხბურთელი „სამგურალის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავდა.
წყალტუბოს „სამგურალი“ პირველ ამხანაგურ შეხვედრას ფოთის „კოლხეთთან“ გამართავს. მატჩი 25 იანვარს, 14:00 საათზე წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართება.