„სამგურალისა“ და „საბურთალოს“ ფინალის დაწყების დრო ცნობილია #1TVSPORT
„სამგურალისა“ და „საბურთალოს“ ფინალის დაწყების დრო ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 8 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება. „სამგურალისა“ და „საბურთალოს“ ფინალური დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე 17:00 საათზე დაიწყება.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2021 წლის ფინალის დაწყების დრო ცნობილია – მატჩი, რომელსაც ქუთაისი 8 დეკემბერს უმასპინძლებს, 17:00 საათზე დაიწყება – ინფორმაცია საქართველოს თასის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარება მანამდე გადაწყვიტა, სანამ ფინალის მონაწილე გუნდების ვინაობა გაირკვეოდა. შედეგად, ერთ-ერთმა ფინალისტმა საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობა მიიღო.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალმა“ ქობულეთში 3:2 დაამარცხა „შუქურა“, თასის ფინალში ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მესამედ გავიდა და ფაქტობრივად, შინ ითამაშებს.

მეორე ფინალისტი თბილისის „საბურთალოა“, რომელმაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ეროვნული ლიგის ლიდერი – ბათუმის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და საპატიო ტიტულის მოსაპოვებლად მეორედ იბრძოლებს.