„სამგურალისა“ და „დინამოს“ წარმომადგენლები აფრიკაში იმყოფებოდნენ – სჯობს, ფეხბურთელი საკუთარი თვალით, ადგილზე ნახო და შეაფასო #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ დირექტორმა და ახალგაზრდული ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელმა, ბესიკ ხაჭიპერაძემ აფრიკაში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. იგი საფეხბურთო მენეჯერ გეგი კიკაბიძის მიწვევით, რუანდის დედაქალაქ კიგალიში თბილისის „დინამოს“ აკადემიის ხელმძღვანელ ლევან გვანცელაძესთან ერთად იმყოფებოდა და ახალგაზრდა მოთამაშეებს ადგილზე აკვირდებოდა.
„რუანდაში კლუბ „ტელეოსის“ პრეზიდენტის მიწვევით ვიმყოფებოდით. დავესწარით რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას, რათა ჩვენთვის სასურველი ფეხბურთელები შეგვერჩია. ზოგადად, ჩვენ აქცენტს ისეთ ლეგიონერებზე ვაკეთებთ, რომლებიც ადგილობრივ ფეხბურთელებს თავიანთი შესაძლებლობებით აშკარად აღემატებიან და გუნდს დამატებით ხარისხს სძენენ. პარტნიორებთან კონტაქტს აუცილებლად შევინარჩუნებთ და, თუ სასურველი ფეხბურთელი გამოჩნდა, იმედია, დავიმატებთ.
გეგი კიკაბიძეს მჭიდრო კავშირები აქვს ნიგერიასა და განაში, სადაც უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ამ ქვეყნებში გამგზავრებაც იგეგმება. რუანდაში ცნობილი პორტუგალიელი მენეჯერი, პაოლო ანდრადე ფარია იმყოფებოდა და ამ თემაზე ყურადღება მან გაამახვილა. ამიტომ, მომავალში ამ ქვეყნებში ვიზიტი და ადგილობრივი ფეხბურთელების გაცნობა ჩვენთვის საინტერესო იქნება.
ყოველთვის სჯობს, ფეხბურთელი საკუთარი თვალით, ადგილზე ნახო და რამდენიმე თამაშის მიხედვით შეაფასო. ამის გარკვეული გამოცდილება უკვე გვაქვს – თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის შედარებით დაბალ ლიგებში არაერთი მოთამაშე აღმოგვიჩენია, რომლებმაც შემდეგ მთავარ გუნდში წარმატებით ითამაშეს“.