„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი – დარწმუნებული ვარ, ჩვენი ლეგიონერები კიდევ მოუმატებენ #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ ბრაზილიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ტიაგო გომესმა „დინამო თბილისთან” ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაზე ისაუბრა და ახალწვეული ლეგიონერებით კმაყოფილება გამოთქვა.
„თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენმა მოთამაშეებმა ამ კვირაში ბევრი იშრომეს. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ამისთვის ვემზადებოდით. „დინამოს” წინააღმდეგ ტაქტიკური სქემა შევცვალე და 3-4-3-ით ვითამაშეთ. ჩვენი მიზანი იყო შეტევის დროს ფლანგებისა და სტანდარტული მდგომარეობების ეფექტურად გამოყენება. ამიტომ, დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლები მნიშვნელოვანი იყო.
„დინამო თბილისი“ შესანიშნავი გუნდია, შემტევ ფეხბურთს თამაშობს და მინდოდა, მათ უკანა ხაზში არსებული სივრცეები ჩვენს სასარგებლოდ გამოგვეყენებინა. დავწინაურდით კიდევაც და გამარჯვებაც შეგვეძლო. ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ.
მიხარია, რომ ახალი ლეგიონერები გუნდს კარგად შეეწყვნენ. ველისონი და რაიანი „სამგურალში” მეგობრულად მიიღეს, რამაც მათ ადაპტაცია გაუადვილათ. დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ მოუმატებენ. იმაეს ვიტყოდი მთლიანად გუნდზე – ვეცდებით, ყოველი მომდევნო მატჩი უკეთესი იყოს“, – აღნიშნა „სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა, ტიაგო გომესმა.