„სამგურალის“ ლეგიონერი, რომელსაც რონალდინიოს წინააღმდეგ უთამაშია - საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა #1TVSPORT
„სამგურალის“ ლეგიონერი, რომელსაც რონალდინიოს წინააღმდეგ უთამაშია - საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯეფერსონ ჯერალდომ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. საქართველოში 2016 წლიდან თამაშობს და უკვე ქართულადაც ლაპარაკობს.

ჯეფინიო გუნდში ქობულეთის „შუქურადან“ წლეულს გადმოვიდა და „სამგურალისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა. მიმდინარე ჩემპიონატში მან 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

– ჯეფი, საქართველოში როგორ აღმოჩნდი?

– ბრაზილიაში ჩემი პირველი გუნდი „ტიგრეს დუ ბრაზილი“ იყო. „კარიოკას“ რიგებში ბრაზილიის უმაღლეს ლიგაშიც ვითამაშე. იმ პერიოდში ისეთი ცნობილი ვარსკვლავების წინააღმდეგ მითამაშია, როგორებიც რონალდინიო, ანდრიანი და ჟუნინიო პარამბუკანო იყვნენ. სამშობლოდან წასვლის შემდეგ 6 თვე ნიკარაგუაში წავედი, იქედან კვიპროსის „ეთნიკოსში“ გადავედი. შემდეგ კი საქართველოში, ქობულეთის „შუქურაში“ ჩამოვედი.

– საქართველოში 6 წელიწადია თამაშობ, რას ფიქრობ ქართულ ფეხბურთსა და საქართველოს ჩემპიონატზე?

– ქართველები ტექნიკურები და ჭკვიანები არიან, იციან ფეხბურთის თამაში. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ, აქ საკმაოდ კარგი სისწრაფეებია, სწრაფად გადადიან დაცვიდან შეტევაში და პირიქით. ბრაზილიის ჩემპიონატში კი მეტად ტექნიკურ და კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს. თუ ქართულ ფეხბურთში შედარებით მეტი ინვესტიცია ჩაიდება, ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად მოიმატებს.

– რას იტყვი „სამგურალზე“, სადაც ახალი სეზონის დაწყებამდე გადმოხვედი?

– „სამგურალში“ პირველ სეზონს ვატარებ და აქ ძალიან მომწონს. ძლიერი გუნდი გვყავს, კარგ სეზონს ვატარებთ. კარგი ფეხბურთის თამაში და სტაბილურად ასპარეზობა შეგვიძლია. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ასე თუ გავაგრძელებთ, დიდი შანსია, რომ ევროტურნირებზე გავიდეთ. ამის რესურსი გვაქვს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

– გუნდის შეკრებაზე რას იტყვით?

– თურქეთში ძალიან კარგ შეკრებას ვატარებთ, ორი ამხანაგური შეხვედრა დავგეგმეთ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მწვრთნელი სხვადასხვა სათამაშო სქემებს დაამუშავებს, ვნახავთ როგორ ფორმაში ვხვდებით ჩემპიონატის მეორე ეტაპს. შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდებით და სეზონს სათასო შეხვედრით განვაახლებთ.

– საინტერესოა შენი თვალით დანახული საქართველო…

– საქართველო ძალიან მიყვარს. აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. მეგობრულობით და სითბოთი ბრაზილიელებს შევადარებდი. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობები, თავისუფალ დროს ხშირად ვატარებ ჩემს მეზობლებთან. მომწონს წყალტუბოში ცხოვრება, ლამაზი, წყნარი ქალაქია, ბევრი სიმწვანით. ხშირად ვსეირნობთ პარკში. მიყვარს ქართული კერძები, განსაკუთრებით ხაჭაპური და მწვადი, ჩემს მეუღლეს კი ხინკალი. ბრაზილია მენატრება, მაგრამ საქართველო ისე მიყვარს, ვფიქრობ, რომ საცხოვრებლად აქ დავრჩები და კარიერის დასრულების შემდეგ ბავშვების მწვრთნელად ვიმუშავებ.