„სამგურალის“ ხელმძღვანელობამ გულშემატკივრებს მიმართა - სტადიონზე შესვლის შემთხვევაში, სერიოზული სანქციები დაგვეკისრება
„სამგურალის“ ხელმძღვანელობამ გულშემატკივრებს მიმართა - სტადიონზე შესვლის შემთხვევაში, სერიოზული სანქციები დაგვეკისრება

წყალტუბოს „სამგურალის“ ხელმძღვანელობამ სოციალურ ქსელში გუნდის გვერდზე საგანგებო მიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს სთხოვა, საჩხერის „ჩიხურასთან“ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეიოფის მეორე მატჩზე სტადიონზე შესვლას ნუ შეეცდებიან.

„წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე, „სამგურალსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ შორის პლეიოფის საპასუხო შეხვედრა 19 დეკემბერს გაიმართება. ქვეყანაში არსებული რთული ეპიდმდგომარეობის გამო, მატჩზე გულშემატკივრების დასწრება აკრძალულია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტადიონზე მაყურებლების შესვლის შემთხვევაში, კლუბს სერიოზული სანქციები დაეკისრება. სტადიონის ყველა შესასვლელი მკაცრად გაკონტროლდება. გთხოვთ, დარჩით სახლში და ამ გზით დაეხმარეთ თქვენს საყვარელ გუნდს“, – წერია კლუბის მიმართვაში.

ეს განცხადება იმის შემდეგ გავრცელდა, რომ შეზღუდვების მიუხედავად, წყალტუბოს „სამგურალის“ (და არა მარტო) თამაშებზე გუნდის გულშემატკივრები სტადიონზე შესვლას ცდილობდნენ.

ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეიოფის პირველი მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხი 2-ზე“ გაიმართა და „სამგურალმა“ გასვლაზე საჩხერის „ჩიხურა“ 0:2 დაამარცხა. პლეიოფის განმეორებითი შეხვედრა შაბათს, 19 დეკემბერს წყალტუბოს „26 მაისი – არენაზე“ 13:00 საათზე დაიწყება.