„სამგურალის“ კაპიტანი - კარგია, რომ ნახევარფინალში ბათუმის „დინამოს“ არ ვხვდებით #1TVSPORT
„სამგურალის“ კაპიტანი - კარგია, რომ ნახევარფინალში ბათუმის „დინამოს“ არ ვხვდებით #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ თასის წილისყრაზე, საქართველოს თასის ნახევარფინალში წყალტუბოს „სამგურალის“ მეტოქე გაირკვა – გუნდი ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება.

მეტოქის გარკვევის შემდეგ კომენტარი გუნდის კაპიტანმა თედო კიკაბიძემ გააკეთა, რომელიც იმედოვნებს, რომ გუნდი ფინალში გავა.

„თავს არ დავზოგავთ, რომ ეს ეტაპი გავიაროთ. ზოგადად, თუ წარმატებას გვინდა მივაღწიოთ, ყველა მეტოქესთან საბრძოლველად უნდა ვიყოთ მზად. ერთი შემიძლია ვთქვა, მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ და ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ“, – აღნიშნა წყალტუბოელთა კაპიტანმა.

თედო კიკაბიძემ არ დამალა სიხარული, რომ ბათუმის „დინამოს“ არ ხვდებიან.

„თასის გათამაშება ჩემპიონატისგან განსხვავებული და სპეციფიკურია, აქ ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის, ბევრი ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებსაც აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ყველა მეტოქე დასაფასებელია. თუმცა, სიძლიერის მიხედვით ბათუმის „დინამოს“ გამოვყოფდი. წილისყრის შედეგით კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ ნახევარფინალში „დინამოს“ არ შევხვდით“.

ამის მიუხედავად, „სამგურალის“ კაპიტანი ფიქრობს, რომ ნახევარფინალში რთული შეხვედრა ელის.

„თუმცა, იოლი მეტოქე ნახევარფინალში არ არსებობს, ნაკლები ბრძოლა არც ახლა მოგვიწევს. კარგი იქნებოდა „შუქურას“ სახლში შევხვედროდით“.

საქართველოს თასის ნახევარფინალში „სამგურალი“ ქობულეთის „შუქურას“ 24 ნოემბერს მეტოქის მოედანზე შეხვდება. წყალტუბოს გუნდი ფინალში ორჯერ არის გასული – 1999 და 2020 წლებში, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა.