„სამგურალის“ დირექტორი - წყალტუბოში სავარჯიშო მოედნები კეთდება, რომელიც ევრო 2023-ის შემდეგ კლუბს გადმოეცემა #1TVSPORT
„სამგურალის“ დირექტორი - წყალტუბოში სავარჯიშო მოედნები კეთდება, რომელიც ევრო 2023-ის შემდეგ კლუბს გადმოეცემა #1TVSPORT

სამგურალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თედო ფესტვენიძემ წყალტუბოში დაგეგმილ საფეხბურთო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრობლემა მალე გადაიჭრება.

საქმე ისაა, რომ წყალტუბოში ევრო 2023-ის ერთ-ერთი მონაწილე გუნდი დაბინავდება. ამჟამად კი თავად „სამგურალის“ მთავარი პრობლემა სავარჯიშო მოედანია, გუნდი ჩემპიონატისთვის ზესტაფონის ბაზაზე ემზადება და წყალტუბოში თამაშობს.

„ევროპის ახალგზარდული ჩემპიონატისთვის წყალტუბოს შემოსასვლელში ორი სავარჯიშო მოედანი კეთდება. ჩემპიონატის მონაწილე ერთ-ერთ გუნდი წყალტუბოში დაბანაკდება და აქ ივარჯიშებს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი მოედნები კლუბს მოვლა-პატრონობის პირობით გადმოეცემა. ასევე მინდა გითხრათ, რომ 26 მაისის სახელობის სტადიონზე წლეულს იგეგმება განათების გაკეთება, მომდევნო წელს კი ადმინისტრაციული შენობის აშენება. რაც შეეხება მინდვრის გამოცვლის საკითხს, დასრულდა ტენდერი და მინდვრის საფარის გამოცვლა ივლისში, მე-2 წრის დასრულების შემდეგ დაიწყება“, – აღნიშნა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა.

21 მაისიდან წყალტუბოს სტადიონზე, ეროვნული ლიგის მატჩზე ბილეთების რეალიზაცია დაიწყო. ფესტვენიძის თქმით, ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხები სტადიონი მოვლასა და გუნდის განვითარებას მოხმარდება.

„როგორც სხვა ცივილურ ქვეყნებში ხდება, მომდევნო ტურიდან „სამგურალის“ საშინაო მატჩებზე ბილეთები გაიყიდება. თითოეულ ლარს, რომელიც ბილეთის გაყიდვით შემოგვივა სტადიონის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გუნდის წარმატებებს მოხმარდება. კლუბის პრეზიდენტის მხრიდან სოლიდური თანხები იხარჯება, ინვესტორი ყველაფერს აკეთებს, რომ წყალტუბოს ამბიციური გუნდი ჰყავდეს. მოგეხსენებათ, ქართული ფეხბურთი ამ ეტაპზე მომგებიანი არ არის, აქ არ შემოდის თანხები ტელერეპორტაჟებიდან, ერთადერთი საშუალება კლუბმა მცირეოდენი შემოსავალი რომ მიიღოს, ბილეთების რეალიზაციაა. ესეც იმისთვის, რომ ელემენტარული – მოედნის მოვლის თანხები მაინც დაიფაროს. იმედია, გულშემატკივრები კარგად გაგვიგებენ და ბილეთების შეძენით კლუბის განვითარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. ახლო მომავალში კი იგეგმება გუნდის ფანშოპის გახსნა, სადაც კლუბის ეკიპირება და აქსესუარები გაიყიდება“, – აცხადებს თედო ფესტვენიძე.