„სამგურალი“ თურქეთში მოემზადება - სამედიცინო შტაბს ზაალიშვილი უხელმძღვანელებს
„სამგურალი“ თურქეთში მოემზადება - სამედიცინო შტაბს ზაალიშვილი უხელმძღვანელებს

წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნული ლიგისთვის მზადებას აგრძელებს. დატვირთვებმაც თანდათან მოიმატა. წყალტუბოელთა მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი გუნდს დღეში ორჯერ ავარჯიშებს.

სამგურალი“ თვის ბოლომდე 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე მოემზადება და საკონტროლო მატჩებს გამართავს. 23 იანვარს გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს, მეორე სპარინგ მატჩსაც გამართავს და პირველი თებერვლიდან ჩემპიონატისთვის მზადებას თურქეთში, ანტალიაში გააგრძელებს. შეკრების დეტალები და მეტოქეები ზუსტდება.

ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოს „სამგურალის“ სამედიცინო შტაბში ცვლილებები მოხდა – სტაფს ამიერიდან ერთ–ერთი ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი სპორტული ექიმი დიმიტრი ზაალიშვილი უხელმძღვანელებს. მას წამყვან ქართულ კლუბებსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ზაალიშვილი ბოლოს საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ სამედიცინო შტაბს ხელმძღვანელობდა.

სამგურალში“ იმუშავებს ირაკლი ხვადაგიანიც, რომელიც წყალტუბოელია და მშობლიურ კლუბში არაერთი სეზონი გაატარა, იყო გუნდის კაპიტანი, ბოლოს კი „სამგურალში“ 2019 წელს თამაშობდა. შემდეგ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, წარმატებით გაიარა საფეხბურთო მედიცინის შემსწავლელი კურსები და შესაბამისი სერთიფიკატი მოიპოვა. ხვადაგიანი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და სამედიცინო შტაბში იქნება.

დატოვე კომენტარი