„სამგურალი“ დროებით ზესტაფონში ითამაშებს #1TVSPORT
„სამგურალი“ დროებით ზესტაფონში ითამაშებს #1TVSPORT

წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონის განახლება მიმდინარეობს და ახალ საფარს დააგებენ. მანამდე კი ცნობილი გახდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ წყალტუბოს „სამგურალი“ სად ითამაშებს – ამის შესახებ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ გააკეთა. თუმცა, მისი თქმით, ჯერ უცნობია, თურქული შეკრებიდან დაბრუნებული გუნდი სად ივარჯიშებს.

„მიხარია, რომ წყალტუბოს „სამგურალს“ კარგი მოედანი ექნება და საშინაო მატჩებს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. ეს გუნდის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოედნის გაკეთებამდე სად ვითამაშებთ, ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. სავარაუდოდ, რამდენიმე შეხვედრას ზესტაფონში ჩავატარებთ, მალე კი ახალი სავარჯიშო და სათამაშო მოედნები გვექნება და წყალტუბოში დავბრუნდებით“, – განაცხადა „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა.

წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დაიწყო – იცვლება მოედნის საფარი, რომელიც გაცილებით მაღალი ხარისხის მინდორით ჩანაცვლდება. გარდა ამისა, განახლდება გასახდელები, სამედიცინო ოთახი და, ზოგადად, ადმინისტრაციულ შენობა. „სამგურალი“ განახლებულ არენაზე, სავარაუდოდ, მაისიდან ითამაშებს.

2023 წელს საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მართალია, წყალტუბოში ტურნირის თამაშები არ გაიმართება, მაგრამ ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ევრო 2023-ის მონაწილე გუნდების ნაწილი დაბინავდებიან და ივარჯიშებენ.