სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას გმობენ და ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ
სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას გმობენ და ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას გმობენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო დონეზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდეს. მათ, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებზე ისაუბრეს.

„ვაჟა გაფრინდაშვილი ჩემი მეგობარია. ჩემი აზრით, მას აქვს ერთი გამოსავალი, რადგან გადაწყვიტეს, რომ ერთი წლითა და ცხრა თვით ამყოფონ ციხეში, და ის იძულებული იქნება, იჯდეს იქ, მან უნდა უჩივლოს სტრასბურგში. ეს არაღიარებული ტერიტორიებია და ამ ტერიტორიების არ აღიარება იმას ნიშნავს, რომ მას საზღვრები არ გააჩნია. ნებისმიერი ადამიანის დაჭერა და ძალით გადათრევა ტერიტორიაზე, იმ ვაგხანალიის გამართვა, რასაც აკეთებენ ოსები, ეს არის სრული სისულელე. მაგრამ ვაჟამ უნდა უჩივლოს არა ოსებს, არამედ უნდა უჩივლოს ოსებს, რომლებიც იქ ოკუპაციურ რეჟიმს წარმოადგენენ“ , – განაცხადა ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, ლევან თავბერიძემ.

კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა ვატო სურგულაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა არსებობდეს პოლიტიკური ნება  ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის ყველა დონეზე გასააქტიურებლად.

„აქ გვჭირდება პოლიტიკური ნება ყველა დონეზე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზე უფრო აქტიურად და გასვლა ე.წ სამხრეთ ოსეთს რომ ეძახიან, იმათ ხელმძღვანელობასთან. იგივე იმათ მინისტრთან საუბარი, არა თხოვნები, არამედ საუბარი იმაზე, რომ კოლეგაზეა საუბარი, ექიმზე და არა სამხედრო დამნაშავეზე. ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნება უნდა ამას, ამჟამად სახელმწიფოს აქტიურობა არ ჩანს და აგერ მივიღეთ ერთი წელი და ცხრა თვე ცხინვალის იზოლატორში. ეს არის საშინელება“ ,- განაცხადა სურგულაძემ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.