სამართალდამცველებმა ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქეს, ორი პირი კი გამოკითხვაზე გადაიყვანეს
სამართალდამცველებმა ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქეს, ორი პირი კი გამოკითხვაზე გადაიყვანეს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის ბარი „ჯაფარასთან“ სამართალდამცველებმა დალუქეს, ბარის ორი თანამშრომელი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, აღნიშნული პირები გამოკითხვაზე გადაჰყავთ.

ტერიტორია უკვე დატოვეს სამართალდამცველებმა. ადგილზე რჩებიან ბარის თანამშრომლები.

ზურაბ ჯაფარიძის ბარში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები გვიან ღამით მივიდნენ. მათ ბარში მყოფ პირებს ტერიტორია დაატოვებინეს და ბარის რამდენიმე თანამშრომლის თანდასწრებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და განაცხადა, რომ ამით პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტს ახორციელებს. ჯაფარიძე 13 თებერვალს, გვიან ღამით უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა მან ბარი ისევ გახსნა. 14 თებერვალს ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ისევ მივიდნენ. მათ ადგილზე არსებული ვითარება გადაამოწმეს და ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგზავნიან, რადგან ეს კანონდარღვების მეორე შემთხვევაა. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ლოგიკურად, შსს-მ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მას აქვს დეპუტატის იმუნიტეტი, შესაბამისად, უნდა მიმართონ პარლამენტს, რათა პარლამენტმა შეუჩეროს უფლებამოსილება.