სამ სართულზე დაღუპული სამი ადამიანი - რას ყვებიან თვითმხილველები რუსთავში ხანძრის შესახებ

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე გვიან ღამით მომხდარი ხანძრისას პირველ, მეოთხე და მეხუთე სართულზე მცხოვრებნი დაიღუპნენ.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ცეცხლი გვიან ღამით მეგობრობის N3-ში პირველ სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ბინაში მყოფი შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ამასთან, გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეოთხე სართულზე ცხოვრობდა და მეხუთე სართულზე მცხოვრები შუახნის მამაკაცი. მათი გარდაცვალების მიზეზი კვამლი გახდა. როგორც ირკვევა, საკვამურებმა ნამწვი ვერ გაატარა. ხანძრისას კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა – ახალგაზრდა ქალი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა. მას კოჭის ძვალი აქვს მოტეხილი.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.