რუსთავში ხანძართან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
რუსთავში ხანძართან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

რუსთავში, წუხელ გვიან ღამით მომხდარ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

შსს-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს“,  – ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები.

რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა.

შსს-ის ცნობით, ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20-მდე მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.