სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მიმართა - პრეზიდენტის სასახლე იქნება თქვენი სახლი [ფოტო]
სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მიმართა - პრეზიდენტის სასახლე იქნება თქვენი სახლი [ფოტო]

აქ იქნება თქვენი სახლი, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში.

მისი თქმით, ათონელის სასახლეში ის ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებს მუშაობას.

„მივესალმები საზოგადოებას, რომელიც მიყურებს პირველ დღეს ათონელის სასახლეში. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ვიმყოფები. ვიცი, რომ ყველაფერი არ არის ჯერ იმ ფორმატში და დასრულებული, როგორიც რამდენიმე კვირასა თუ თვეში იქნება, მაგრამ უკვე გვაქვს საშუალება, ამ ფლიგელებში დავიწყოთ მუშაობა. იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ პირველ ეტაპზე, გარემოს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ. თუმცა, როცა სტუმრები გვეწვევიან, მერე საჭირო იქნება, ყველაფერი სათანადოდ იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ჟურნალისტებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტს ხშირად ექნება ე.წ. off the record შეხვედრები.

„აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს ასევე სხვა მოსაზრება, რომ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა. შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი – off the record საკითხებზე, რომელიც საჭიროა, რომ იცოდეთ და არ არის აუცილებელი, გახდეს იმწამსვე საჯარო ინფორმაცია. ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში მქონდა, რომელსაც ჩემი პრესკლუბი ერქვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, მსგავსი ფორმატი ყველასთვის საინტერესო იქნება.

„ვეცდები, ახლო მომავალში, დღესასწაულების შემდეგ, დავიწყოთ ამ ფორმატით მუშაობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრესასთან ურთიერთობის კუთხით ნათია პავლიაშვილი აგრძელებს მუშაობას, თუმცა, პიარის ჯგუფი გაძლიერდება.

„ნათია პავლიაშვილს იცნობთ. ყველას გაგაცნობთ, ვინც იქნება შემდგომ პრესასთან კუთხით დასაქმებული და გვექნება, ძალიან ნორმალური ურთიერთობა. ეს ჩემი სურვილია და ამისთვის თქვენი მადლობელი ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში დღეს პირველად მივიდა.

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, დიმიტრი გაბუნია კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.