სალომე ზურაბიშვილი - ვიდრე კრისტიან დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს
სალომე ზურაბიშვილი - ვიდრე კრისტიან დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს.

„მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება.

„შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი.  დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“,- წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა.

დანიელსონმა 12-14 მარტს შეხვედრები გამართა, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა  ვიზიტი გაახანგრძლივა. გაიმართა ერთობლივი შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობითაც, თუმცა უშედეგოდ.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტიან დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს ექნებათ კომპრომისის სურვილი, რომელიც შედეგის შესაძლებლობას იძლევა.

მისივე თქმით, დაბრუნდება ბრიუსელში და ყველაფრის შესახებ შარლ მიშელს მოახსენებს.