შარლ მიშელი - დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება
შარლ მიშელი - დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება.

ამის შესახებ შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს.

„შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი.  დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“,- წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა.

დანიელსონმა 12-14 მარტს შეხვედრები გამართა, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა  ვიზიტი გაახანგრძლივა. გაიმართა ერთობლივი შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობითაც, თუმცა უშედეგოდ.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტიან დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს ექნებათ კომპრომისის სურვილი, რომელიც შედეგის შესაძლებლობას იძლევა.

მისივე თქმით, დაბრუნდება ბრიუსელში და ყველაფრის შესახებ შარლ მიშელს მოახსენებს.