სალომე ზურაბიშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე, არ უნდა იყოს შეწყნარებული
სალომე ზურაბიშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე, არ უნდა იყოს შეწყნარებული

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს წევრის მხრიდან მის თანაშემწეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი პოსტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიის ჰეშთეგით (#MeToo) აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული კამპანია საქართველოშიც არის.

„#მითუ #ასევეარისსაქართველოში; თბილისის საკრებულოს დეპუტატი ექვემდებარება გამოძიებას მისი თანაშემწის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის. არ უნდა იყოს შეწყნარებული“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.