სალომე ზურაბიშვილი - საქართველო აფასებს უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ 
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო აფასებს უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ 

ყველა სიმძიმე, რომელიც დღეს აწვება ჩვენს მოქალაქეებს, საოკუპაციო ხაზს აქეთ იქნებიან, თუ იქით, ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთის პრეზიდენტ იანოშ ადერთან გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აფასებს უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ ყველა ფორმატში. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იანოშ ადერი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა.

„უცხოეთში ჩემი ვიზიტებისა და უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავარი და პირველი თემა იყო ოკუპირებული ტერიტორიები, სიტუაცია საოკუპაციო ხაზზე, დაძაბული ზაფხული, რომელიც გავიარეთ და აუცილებლობა, რომ მივაღწიოთ ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. ეს მოითხოვს ყველა ჩვენი პარტნიორის ჩართულობას, რათა მივაღწიოთ მიზანს. მადლობა მოვახსენე ჩვენს უნგრელ მეგობარს იმისთვის, რომ მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. 14 უნგრელია წარმოდგენილი ამ მისიაში და აქაც ხაზი გავუსვით იმას, რომ აუცილებელია, მისიამ შეძლოს თავისი სრულყოფილი მანდატის შესრულება, რაც ნიშნავს, რომ მთლიან ტერიტორიაზე ჰქონდეს საშუალება, თავისი ზედამხედველობა მოახდინოს. ეს რაც იყო 2008 წლის შეთანხმებაში ჩაწერილი და რომელიც უნდა იყოს შესრულებული.

ყველა სიმძიმე, რომელიც დღეს აწვება ჩვენს მოქალაქეებს, საოკუპაციო ხაზს აქეთ იქნებიან, თუ იქით, ყველაფერი ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ჟენევის ფორმატის განახლება, გაძლიერება, რათა დაიწყოს პოლიტიკური ნამდვილი მოლაპარაკება, რომელიც მიმართული იქნება ამ სიტუაციის გადაწყვეტისკენ და ესკალაციის მოხსნისკენ. ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ ყველა ფორმატში. უნგრეთი მხარს უჭერს ყველა ჩვენს რეზოლუციას ამ საკითხთან მიმართებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნგრეთის პრეზიდენტი ჩავა საოკუპაციო ხაზთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ უცვლელია.

„მნიშვნელოვანია, რამდენად ვღებულობთ ამ კუთხით უნგრეთის მხარდაჭერას. ევროკავშირის ფორმატში ვიცით, რომ შეგვიძლია გვქონდეს უნგრეთის მხარდაჭერის იმედი ახალ ეტაპზე, რომელიც ახლა იწყება ახალი კომისიით, ახალი პარლამენტით, პარტნიორობის ახალი ეტაპით. ასევე გვიჭერს მხარს უნგრეთი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მონაწილეობს არსებით პაკეტში და იმედი გვაქვს, ლონდონის სამიტში საქართველო შეძლებს, წარმოდგენილი იყოს ნატო-საქართველოს ფორმატში, რაშიც უნგრეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტურიზმში უნგრულმა კომპანიამ „ვიზეარმა“ დიდი როლი ითამაშა. ამასთან, პრეზიდენტმა უნგრეთთან სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალს გაუსვა ხაზი. ხაზი გაესვა საგანმანათლებლო კუთხით კონტაქტებსაც, სტუდენტურ გაცვლით პროგრამებს უნგრეთში. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თანამშრომლობის ეს ხაზი გასაძლიერებელია. ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებს შორის მან ასევე დაასახელა ენერგეტიკაში, ტექნოლოგიები, ეკოლოგია და სხვა.

უნგრეთის პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან, ანიტა ჰერჩეხთან ერთად გუშინ ეწვია. უნგრეთის ლიდერს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო უწყების წარმომადგენლები დახვდნენ.