სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო სპორტში ჩვენს ადგილს ვიკავებთ
სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო სპორტში ჩვენს ადგილს ვიკავებთ

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ტიპის ღონისძიებების საქართველოში ჩატარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს ბათუმში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

მისი თქმით, ეს ქვეყნის აღიარებაა, რომ საქართველოს შეუძლია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები გამართოს.

„ასეთი ტიპის ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სპორტში ჩვენს ადგილს ვიკავებთ, ევროპაშიც ჩვენ ადგილს ვიკავებთ, ვიბრუნებთ უფრო სწორად. ეს არის ჩვენი აღიარება არამხოლოდ სპორტის ამ სახეობაში, არამედ საქართველოს შეუძლია, გამართოს ასეთი საერთაშორისო ღონისძიებები. ეს ეხება პირველ რიგში ბათუმს, რომელმაც უკვე მოიპოვა აღნიშნული ადგილი. ეს არის ძალიან წარმატებული დღე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ჩემპიონატის ყველა მონაწილეს დღევანდელი დღე მიულოცა.

გახსნის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.

ბათუმში დღეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.