სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტმა აქტუალურობის მოპოვება სკანდალის მოწყობით სცადა, რაც სამწუხაროა, რადგან პრეზიდენტის საკადრისი არ არის
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტმა აქტუალურობის მოპოვება სკანდალის მოწყობით სცადა, რაც სამწუხაროა, რადგან პრეზიდენტის საკადრისი არ არის

პრეზიდენტი საკმაოდ უღიმღამო და არასაინტერესო იყო და მან აქტუალურობის მოპოვება სკანდალის მოწყობით სცადა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს პრეზიდენტის საკადრისი არ არის, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ის სკანდალზე წავიდა, რომ ამაზე მედია ალაპარაკებულიყო, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოტოვა, როგორიცაა კონსტიტუციის დაცვა იმ წელს, როცა მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის.

„პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის გარანტორი, მის სადარაჯოზე უნდა ყოფილიყო და მოქალაქეებისთვის უნდა აეხსნა, ცვლილებები რაში მდგომარეობს, რადგან მოსახლეობაში კონსტიტუციის მიმართ ნდობის ზრდა პრეზიდენტზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში დიასპორის საკითხებიც გამოტოვა და ემიგრანტებთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ უთქვამს.

„ეს ასე მხოლოდ წელს, ამ შემაჯამებელ ანგარიშში არ ყოფილა. ეს მისი მუდმივი პოზიციაა, რომ ეს საკითხები არ ახსოვს და არ ახსენებს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში წესები საკმაოდ გაამკაცრა, რითაც უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის ასი წლის თავზე პრეზიდენტმა სხვა არაფერი თქვა გარდა იმისა, რომ 26 მაისს ბევრი უცხო სტუმარი გვეყოლება, რაც მისთვის ყველაზე მეტად გაუგებარი იყო.

„ჩვენ ყველანი უნდა ვგრძნობდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი და სათუთია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თუ ვინმესგან ამ საკითხზე მეტის თქმას ველოდებოდით, ეს პრეზიდენტი იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემისა და დებატებში შესვლის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი, პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს რეგლამენტის გადახვევით სხდომის გაგრძელება შესთავაზა და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. კენჭისყრის შედეგად, განხილვის ფორმატის შეცვლას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.