სალომე ზურაბიშვილი - ბათუმმა წელს მრავალ ღონისძიებას უმასპინძლა, რაც ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორებისთვის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება
სალომე ზურაბიშვილი - ბათუმმა წელს მრავალ ღონისძიებას უმასპინძლა, რაც ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორებისთვის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერენცია (GDSC) გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ზურაბიშვილის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში ბათუმმა მრავალ ღონისძიებას უმასპინძლა, რაც ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორებისთვის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება.

„ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბათუმში ტარდება დღეს ესოდენ მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც ნამდვილად აყენებს რუკაზე არა მხოლოდ საქართველოს, ბათუმს და შავ ზღვას. 2019 წელს ბათუმში ჩატარდა ევროკავშირთან პარტნიორობის ათი წლისთავის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, ბათუმში ჩამოვიდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მთლიანი შემადგენლობა, აქ ჩატარდა მთლიანად  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი კონფერენცია, ბათუმს ესტუმრნენ ხომალდები, თუ არ ვცდები 16 ქვეყნისა და კიდევ ველოდებით მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს ადგილი, შავი ზღვა, საქართველო და საქართველოსთან ურთიერთობა არის ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, საერთოდ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ალბათ არა  მხოლოდ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ კიდევ ერთხელ ვიკრიბებით 35 ქვეყნის წარმომადგენლები, რათა  კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ, რას ნიშნავს დღევანდელ დღეს თავდაცვა, უსაფრთხოება საქართველოსი, საქართველოსთვის ამ რეგიონში და ამ ადგილას“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.