სალომე ზურაბიშვილი - მანანა დოიჯაშვილი არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთმა ძლიერმა ადამიანმა, ქალმა წამოიწყოს უდიდესი ეროვნული საქმე და საფუძველი ჩაუყაროს მის წარმატებას, ვუსამძიმრებ მთელ ქვეყანას
სალომე ზურაბიშვილი - მანანა დოიჯაშვილი არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთმა ძლიერმა ადამიანმა, ქალმა წამოიწყოს უდიდესი ეროვნული საქმე და საფუძველი ჩაუყაროს მის წარმატებას, ვუსამძიმრებ მთელ ქვეყანას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მანანა დოიჯაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, მეგობრებსა და მთელ ქვეყანას სამძიმარს უცხადებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მანანა დოიჯაშვილი არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთმა ძლიერმა ადამიანმა, ქალმა, წამოიწყოს უდიდესი ეროვნული საქმე და საფუძველი ჩაუყაროს მის მომავალ წარმატებას.

„საქართველოსა და ქართულ კულტურას გამოაკლდა ღირსეული ქალბატონი, მანანა დოიჯაშვილი.

ქალბატონი მანანა ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურა თავის ქვეყანას. მან საქართველოსათვის ძალიან რთულ წლებში მოახერხა არა მარტო თავისი საყვარელი სასწავლებლის – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა, არამედ დღეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსება. ქალბატონი მანანა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, ერთმა ძლიერმა ადამიანმა, ქალმა, წამოიწყოს უდიდესი ეროვნული საქმე და საფუძველი ჩაუყაროს მის მომავალ წარმატებას. ბედნიერი ვარ, რომ პირადად ვიცნობდი მას. მეტად ვწუხვარ, რომ ქვეყანამ დაკარგა დიდი პროფესიონალი, ერთგული, მებრძოლი და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და მთელ ქვეყანას“, – წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.

ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.