სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს   
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს   

სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მას, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დღეს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„ადრეც ვთქვი, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ეს მხარდაჭერა იქნება“, – განაცხადა მან.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ის დღეს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატია. რაც შეეხება დაფინანსებას, მისი თქმით, ორთვიან საარჩევნო კამპანიას მილიონები არ სჭირდება.

„ჩემს კანდიდატურას დღეს ვაყენებ, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, ვაგროვებ ხელმოწერებს და ბოლომდე გავიყვან ამ კანდიდატურას. ფინანსები ეს არის საზოგადოების, ბიზნესის, რომელიც არის წარმოდგენილი ჩემს საინიციატივო ჯგუფში. ქვეყანა დღეს არის თავისუფალი, ბიზნესი თავისუფალია, მოქალაქეები თავისუფლები არიან. ორთვიან კამპანიას არ სჭირდება მილიონები, შევუდგეთ საქმეს და საქმე მოიტანს მეტ მხარდაჭერას, მეტ მობილიზებას. ძალიან იმედიანად ვარ, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს ოფიციალურად მიმართა. ის საარჩევნო კამპანიას 16 აგვისტოს დიდი ჯიხაიშიდან, როგორც მისი შთამომავალი, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან იწყებს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, როგორც მმართველმა გუნდმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ მას შემდეგ გადაწყვეტს ვის დაუჭერს მხარს ან საერთოდ დაუჭერს თუ არა, როცა პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი დასახელდება.