სალომე ზურაბიშვილი - გამოითქვა სურვილი, ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეს ყველასთვის საჭიროა, რომ უფრო მშვიდ გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე
სალომე ზურაბიშვილი - გამოითქვა სურვილი, ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეს ყველასთვის საჭიროა, რომ უფრო მშვიდ გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე

გამოთქმული იყო სურვილი, ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეს ყველასთვის საჭიროა, რომ უფრო მშვიდ მდგომარეობაში და გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ის ფაქტები გავაცანი, რაზეც დღეს დილით განვაცხადე. ჩვენ ისიც ავუხსენით მათ, რომ მზად ვართ, მტკიცებულებები გადავცეთ, რაც გაგვაჩნია, „სქრინშოტები“, რაც ადასტურებს ჩვენს მიერ გავრცელებულ ფაქტებს. ვერ დავასახელებთ სახელებსა და გვარებს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.

იყო არასამთავრობოებებიდან იმაზე საუბარი, რომ ადრეც ჰქონდათ რეაქციები სიძულვილის ენაზე, თუნდაც ჩემი დემონსტრაციების და მიტინგების დარბევაზე, მაგრამ ამ ყველაფერს შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია.

ჩვენ გადავედით ერთი ნაბიჯით წინ, რაც შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის მომცველი და ძალიან მიუღებელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ასევე გამოთქმული იყო სურვილი, ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე მისიებთან. ეს ყველასთვის საჭიროა, რომ უფრო მშვიდ მდგომარეობაში და გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.