სალომე ზურაბიშვილი - ფრანგი მეწარმეები სატრანსპორტო და მომსახურების სფეროში ინვესტირებით არიან დაინტერესებული
ფრანგი მეწარმეები სატრანსპორტო და მომსახურების სფეროში ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავის გვერდზე წერს.
ბიზნესლიდერების ფორუმზე სიტყვით გამოსვლამდე პრეზიდენტმა ქართულ-ფრანგული სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
„საქართველო მზად არის ახალი ინვესტიციებისთვის. ფრანგი მეწარმეები, რომლებიც ქართულ ბაზარზე უკვე შემოვიდნენ, ჩვენი ქვეყნის პოტენციალს კოლეგებს აცნობენ. ფრანგი მეწარმეები დაინტერესებული არიან სატრანსპორტო და მომსახურების სფეროში ინვესტიციების განხორციელებით, დიდი ინტერესია საქართველოში ტურიზმის განვითარების, ასევე ზამთრის კურორტების და სამთო-სათხილამურო სპორტის მიმართ“, – წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი და ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ციფრული აკადემიის გახსნა იგეგმება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 აგვისტოს საფრანგეთში ბიზნესლიდერების ფორუმს გახსნის, რომლის ორგანიზატორია უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმს საფრანგეთის მსხვილი კომპანიების 700 წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის ის კომპანიები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან. წინა წლებში, MEDEF-ის ზაფხულის უნივერსიტეტის მონაწილეებს სიტყვით ნიკოლა სარკოზიმ და ემანუელ მაკრონმა მიმართეს.