სალომე ზურაბიშვილი პარიზში ევროპელ ბიზნეს-ლიდერთა ფორუმს გახსნის
სალომე ზურაბიშვილი პარიზში ევროპელ ბიზნეს-ლიდერთა ფორუმს გახსნის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 აგვისტოს საფრანგეთში ბიზნეს-ლიდერების ფორუმს გახსნის, რომლის ორგანიზატორია უმსხვილესი ბიზნეს–გაერთიანება MEDEF INTERNATIONAL.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმს საფრანგეთის მსხვილი კომპანიების 700 წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის ის კომპანიები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან. წინა წლებში, MEDEF-ის ზაფხულის უნივერსიტეტის მონაწილეებს სიტყვით ნიკოლა სარკოზიმ და ემანუელ მაკრონმა მიმართეს.

მათივე ინფორმაციით, MEDEF INTERNATIONAL-ი კერძო, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. იგი 800 ათას ფრანგულ საწარმოს აერთიანებს და აღიარებულია საფრანგეთის მთავრობის მნიშვნელოვან პარტნიორად როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ მოლაპარაკებებში.

ორგანიზაცია 1989 წელს დაფუძნდა ფრანგული კომპანიების საზღვრებს გარეთ მოღვაწეობის გაფართოების, უშუალოდ სახელმწიფო ლიდერებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო წარმომადგენლებთან ურთიერთობების დალაგების მიზნით.

სალომე ზურაბიშვილს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები აქვს დაგეგმილი საფრანგეთის მთავრობის წევრებთან და ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტთან ერთად პარიზში დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს სოციალური კამპანია Spend your summer in Georgia – ს ერთ-ერთი ავტორი.

ქეთა გოლეთიანი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ფრანგ მეწარმეებს გააცნობს ინფორმაციას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ახალგაზრდებთან, პრეზიდენტის ინიციატივაა ქართველმა სტუდენტებმა საკუთარ უნივერსიტეტებში შექმნან საინფორმაციო ბაზა, რომელიც უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ტურისტულ  პოტენციალს გააცნობს.