სალომე ზურაბიშვილი - დიდი სურვილი მაქვს, საქართველო გამოვიდეს აუდიოჩანაწერების პრაქტიკიდან
სალომე ზურაბიშვილი - დიდი სურვილი მაქვს, საქართველო გამოვიდეს აუდიოჩანაწერების პრაქტიკიდან

დიდი სურვილი მაქვს, საქართველო გამოვიდეს არა მხოლოდ შავი პიარის, არამედ აუდიოჩანაწერების ტრადიციიდან და პრაქტიკიდან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია „იბერიასთან“ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, კონკრეტული საკითხის გამოძიება საჭიროა. რაც შეეხება მედიათავისუფლებას, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მომხრეა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ტელევიზია იყოს.

„გამოძიება არის აუცილებელი. ვიცით, ამ ქვეყანაში აუდიოჩანაწერები როგორ არის გამოყენებული დაუსრულებლად. დიდი სურვილი მაქვს, ეს ქვეყანა გამოვიდეს არა მხოლოდ შავი პიარის, არამედ აუდიოჩანაწერების ტრადიციიდან და პრაქტიკიდან. სიმართლე უნდა დადგინდეს. მომხრე ვარ, რაც შეიძლება მეტი ტელეკომპანია არსებობდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

რაც შეეხება სატელეფონო ჩანაწერს, მოგვიანებით, „იბერიამ“ გაავრცელა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.