სალომე ზურაბიშვილი - ჩემი გამოსვლა არ ეხებოდა ჯარს, იყო სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი გამოსვლა არ ეხებოდა ჯარს, იყო სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში

ჩემი გამოსვლა არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯართან დაკავშირებით მისი განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ჩემი გამოსვლა იყო სრულიად კულტურულ სივრცესა და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით, რათა შეგვექმნა საკოორდინაციო ცენტრი. არანაირად არ ეხებოდა ეს ჯარს. იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 10 დეკემბერს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა. „ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.