სალომე ზურაბიშვილი - ანზორ ერქომაიშვილი წარმოადგენს ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას
სალომე ზურაბიშვილი - ანზორ ერქომაიშვილი წარმოადგენს ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას

ჩვენ დიდი ხნის წინ, შევხვდით პარიზში, როცა ახალგაზრდები ვიყავით, თქვენ საქართველოს წარმომადგენელი იყავით, რომელთან შეხვედრაზეც ვოცნებობდი, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილს ოზურგეთში, 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

„მას შემდეგ წლები გავიდა. ალბათ, მაშინ ვერც თქვენ და ვერც მე ვერ წარმოიდგენდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი და თქვენ დაგაჯილდოებდით ბრწყინვალების ორდენით, რაც ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივი და ძალიან დიდი სიხარულია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ანზორ ერქომაიშვილი ყველა იმ ადამიანის თვალში, ვინც მას შეხვედრია, წარმოადგენს ძველ კულტურას, ტრადიციებს, ღირსებას, ნამდვილ ქართველობას.

ანზორ ერქომაიშვილს 80 წელი დღეს შეუსრულდა. ქართველი გამოჩენილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების –„რუსთავისა““ და ,,მართვეს“ დამაარსებლის, ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე დღეს ოზურგეთში აღნიშნეს. გუშინ ერქომაიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ამასთან, საქართველოს პირველმა არხმა ანზორ ერქომაიშვილის ჩანაწერების გაციფრულება დაიწყო.