სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლე დღეიდან დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლე დღეიდან დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქართული დიასპორისთვის თბილისში არსებობდეს ადგილი, სადაც ისინი საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

მისივე თქმით, მზადაა, პრეზიდენტის სასახლეში ამ მიზნით კაბინეტი გამოიყოს.

„საჭიროა არსებობდეს დიასპორისთვის დედაქალაქში ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ, მიიღონ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საშუალებები არსებობს ქვეყანაში, თუ დააპირებენ დაბრუნებას, დასაქმებას და ა.შ. ამ ყველაფრისთვის მე მზად ვარ, რომ პრეზიდენტის სასახლეში იყოს გამოყოფილი ასეთი კაბინეტი. ვთავაზობ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ იქ დანიშნოს ადამიანი, რომელიც იქნება პირველი რგოლი, სადაც მოვლენ. პრეზიდენტის სასახლე ადვილი მოსაძებნია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლე დღეიდან დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება.

„უპირველესად ღია იქნება დიასპორისთვის, რომ მოვიდნენ და იქ მოიპოვონ პირველადი ინფორმაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც დიასპორის საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.