თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს
თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს და მთავარი თემა, სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დიასპორის აქტიური მონაწილეობაა. ამ წუთებში კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ევროპის საბჭოს დიასპორის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაოლო პისკო.

კონფერენციის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, დიასპორასთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„საკონსტიტუციო რეფორმის დროს ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი ჩანაწერი კონსტიტუციის ტექსტში, რომელიც ჩვენს თანამემამულეებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ. ვისაც ჰქონდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ექმნებოდათ პრობლემა, რომ საქართველოს მოქალაქეობა შეენარჩუნებინათ. დღეს ეს საკითხიც დარეგულირებულია და მნიშვნელოვანია, კულტურული, ეკონომიკური სოციალური თვალსაზრისით კიდევ უფრო აქტიური, უფრო ძლიერი გახდეს ურთიერთობები ჩვენსა და ჩვენს დიასპორებს შორის“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ სამი პლენარული სესია გაიმართება, სადაც ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში დიასპორის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

კონფერენცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ არის ორგანიზებული.