სალომე სამადაშვილი - შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ განიხილოს ბოლო კარტის გათამაშება, რაც ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება იქნება
სალომე სამადაშვილი - შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ განიხილოს ბოლო კარტის გათამაშება, რაც ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება იქნება

ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება ნიშნავს, რომ მმართველ გუნდში კრიზისია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ამასთან, სამადაშვილის შეფასებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა ცუდი არ არის.

„ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება ნიშნავს, რომ მმართველ გუნდში კრიზისია, დაწყებულია სრული კოლაფსი და როგორც ჩანს, მათ მოიხმეს უზენაესი ავტორიტეტი. სხვა ვერავინ ალაგებს სიტუაციას პარტიის შიგნით.   თუმცა, ვფიქრობ, პარტიის თავმჯდომარედ ივანიშვილის არჩევა ცუდი არ არის. ის უკვე დიდი ხანია, რაც არაფორმალურად მართავს ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილის როლის ფორმალიზება უნდა მოხდეს. ის უნდა იყოს თავმჯდომარე იმ პარტიის, რომელიც მისი სახელით მართავს ქვეყანას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით,  ქართველმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვის მოსთხოვოს პასუხი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ის არის პირადად პასუხისმგებელი ყველა პრობლემაზე. დიახ, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხიმგებლობა და გახდეს პარტიის თავმჯდომარე“, – ამბობს სამადაშვილი.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს და სავარაუდო კანდიდატებს, დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკურად გაკოტრებული ძალა, რომელსაც რეიტინგული პოლიტიკოსები არ ჰყავს.

„შესაძლოა, მათ განიხილონ ბოლო კარტის გათამაშება, რაც იქნება ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვდრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.